რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ნორვეგია უკრაინას 3 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს

გაერთიანებული სამეფოს მფლობელობაში მყოფი ამერიკული M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 

ნორვეგია უკრაინას სამ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. ინფორმაციას ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი, ბიორნ არილდ გრემი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინისთვის აღნიშნული დონაცია გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა.

"უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დახმარება, რათა უკრაინელებმა შეძლონ მათი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება". – თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები