სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. ის ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა, ხოლო 5-წლიანი მუშაობის ვადა 2022 წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებიდან ირჩევა. თანამდებობაზე შერჩეულ პირს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სხდომის პარალელურად შეკრებილები იყვნენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი აზრით, მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძისა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე) და სასამართლოში არსებული კლანის ბრალია საქართველოს ევროპულ გზაზე შექმნილი პრობლემები.

14 ივნისს პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სხვა 8 მოსამართლესთან ერთად მიხეილ ჩინჩალაძის სანქცირებაც მოითხოვა. ხოშტარიამ კოალიცია მართლმსაჯულებისთვის (GDI, საია, TI, ფლანგვის დეტექტორი და სხვა) კვლევების საფუძველზე 9 მოსამართლის, მათ შორის, ჩინჩალაძის საქმიანობაზე ისაუბრა.

კომენტარები