სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეს

მიხეილ ჩინჩალაძე
რუსთავი 2

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. მისი კანდიდატურა იუსტიციის დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლე შოთა გეწაძემ დაასახელა. ცნობისთვის, გეწაძე ევრომოსამართლეობის მსურველთა იმ ხუთკაციან სიაში მოხვდა, რომელიც სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს, მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე უვადოდ დაინიშნა. ის 2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორი ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მათი განცხადებით, მიხეილ ჩინჩალაძეს 10-წლიანი მოსამართლეობის განმავლობაში ჯამში 250 საქმე აქვს განხილული, 88% 2007-08 წლებში. ამასთან, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩინჩალაძეს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, როდესაც ტელეკომპანიის საქმე განიხილებოდა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა 25 მაისს დატოვა. ცერცვაძემ გადადგომის მიზეზად, შპს iPlus-სა და შპს iTechnic-თან სასამართლო დავა დაასახელა, რასთან მიმართებითაც არაერთხელ დასახელდა მისი სახელი.

კომენტარები