სააპელაციო სასამართლო

IPlus: ცერცვაძის გადადგომა ჩვენი კომპანიის გაკოტრების და გაჩუმების გეგმის ნაწილია

ვალერიან ცერცვაძე
facebook.com/pg/TbilisiAppealCourt

IPlus-ის დამფუძნებლის მამუკა მარღიშვილის შეფასებით, ვალერიან ცერცვაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადადგომა მისი კომპანიის გაკოტრების და გაჩუმების გეგმის ნაწილია.

“როგორც ჩანს, ეს არის ცერცვაძის მზაკვრული გეგმის ნაწილი ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ. მოსამართლე შიოშვილმა სამარცხვინო გადაწყვეტილებით iPlus-ს “აიტექნიკის” სასარგებლოდ 890 000 ლარის გადახდა დააკისრა. “აიტექნიკი” ვალერიან ცერცვაძის საოჯახო კომაპანიაა. ცერცვაძე საზოგადოების თვალის ასახევად თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ის რჩება იუსტიციის საბჭოს უმაღლესი სკოლის თავმჯდომარედ. სწორედ ვალერიან ცერცვაძე ატრენინგებს მოსამართლეებს და მას ახლაც აქვს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს ჩვენს საქმეზე”, - აცხადებს მამუკა მარღიშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ცერცვაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება შპს iPlus-სა და შპს iTechnic-თან სასამართლო დავას უკავშირდება, რასთან მიმართებითაც არაერთხელ დასახელდა მისი სახელი.

ცნობისთვის, 2016 წლის ოქტომბერში iPlus-ის საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება iTechnics-ის მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს, ასევე, მოსთხოვეს 1 553 826 ლარი. სარჩელი სასამართლოში iTechnics-ის წარმომადგენელმა, გიორგი ცერცვაძემ შეიტანა, რომელიც iPlus-ის დამფუძნებლის თქმით, ვალერი ცერცვაძის ბიძაშვილია.

კომენტარები