დროა

ჩინჩალაძე, მურუსიძე, ჩხიკვაძე და სხვები – დროა 9 მოსამართლის სანქცირებას ითხოვს

დროა

პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კოალიცია მართლმსაჯულებისთვის (GDI, საია, TI, ფლანგვის დეტექტორი და სხვ.) კვლევების საფუძველზე 9 მოსამართლის საქმიანობაზე ისაუბრა და მათი სანქცირება მოითხოვა. ხოშტარიას თქმით, მოსამართლეთა სანქცირების შესახებ პარტიას ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ექნება.

პარტია დროას ლიდერი შემდეგი მოსამართლეების სანქცირებას ითხოვს:

"1. მიხეილ ჩინჩალაძე – ჯერ კიდევ წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც მერე პოლიტიკური მსახურებისთვის იყო დაწინაურებული მოსამართლედ და 2013 წლის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი კლანის შექმნაში. ის შედარებით ჩრდილშია, ვიდრე მაგალითად ლევან მურუსიძე, მაგრამ ის არის რეალური კლანის თავი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული.

2. ლევან მურუსიძე – გახსოვთ ალბათ, ლევან მურუსიძე გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის წინა ხელისუფლებაში. უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი, ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად და მას შემდეგ ის არ ერიდება, მათ შორის, არც პოლიტიკურ კამპანიებში გამოჩენას, პოლიტიკური განცხადების და თავისი მიკერძოებულობის ჩვენებას. მას ღიად უწოდებენ ლიდერს ამ სისტემაში. ის არის კლანური, მაფიოზური სასამართლო მმართველობის ლიდერი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული.

3. შალვა თადუმაძე – ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გააწესეს პროკურატურაში იმისთვის რომ საქმეები შეეკერა, შემდეგ კი უვადოდ დანიშნეს უკვე უზენაეს სასამართლოში, იმისთვის რომ ჩაიკეტოს ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა.

4. გიორგი მიქაუტაძე – ეს არის ასევე უვადო მოსამართლე უზენაესში და ის იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივანი მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა და ის ასრულებდა აბსოლუტურად ღიად ყველა პოლიტიკურ დავალებას.

5. ლაშა ჩხიკვაძე – ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც პრაქტიკულად ნაწილობრივ სანქცირებულიც არის - ის არ გაუშვეს ამერიკაში. ამ ადამიანს 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა სადაც დაიღუპა ადამიანი, მას შემდეგ გაიხსნა საქმე და საქმე დღემდე არის მიმდინარე იმისათვის, რომ ის იყოს გამოჭერილი და მან შეასრულოს პოლიტიკური დავალებები. გვარამიას საქმე არის ის საქმე, რომელიც მყისიერად მთელმა მსოფლიომ მედიაზე შეტევად შეაფასა და Amnesty International-მა მოუწოდა საქართველოს, რომ ის დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, ლაშა ჩხიკვაძე არის ერთ-ერთი სიმბოლო პოლიტიკური მართლმსაჯულების.

6-7. ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები – ძმები, ოჯახური ბიზნესი კლანური, რომელთა ხელშიც გადის და გადიოდა თავიდანვე ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმე. რამდენიმეს ჩამოვთვლი, ეს არის კაბელების საქმე, ციანიდის საქმე, რურუას საქმე. ამ ძმებს გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეების განაჩენები.

8. ირაკლი შენგელია – ეს არის შედარებით ჩრდილში მყოფი, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენი ჩინჩალაძის, მისი მოადგილე, რომელსაც ცოლი, და, დისშვილი, დის ქმარი ჰყავს დასაქმებული ამ სისტემაში და თქვენ ალბათ მოგისმენიათ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომ ეს კლანური სისტემა მათ შორის ეყრდნობა ნათესაური კავშირების ძალიან მყარ გაჯერებას სასამართლო სისტემაში.

9. სერგო მეთოფიშვილი – ეს არის საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში, ანუ მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები