საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ოქტომბერში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს.
წვრთნები, სახელად Eternity-2022 17-28 ოქტომბერს ჩატარდება.
როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, წვრთნების დაგეგმვის პირველი შეხვედრა თურქეთში, 1-ლი არმიის სამეთაურო შტაბში ჩატარდა. მას დაესწრნენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლები.
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში, თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე, გაიხსნა Eternity-2021. ყოველწლიურ წვრთნებში სამივე ქვეყნის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წერდა, საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს.