საქართველოს შეიარაღებული ძალები

კალანდაძე: ყველაფერს საბოლოო სიტყვაში, სასამართლოზე დეტალურად დავადასტურებ

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში მისი გამოძახების შესახებ სასამართლოში ისაუბრებს. 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შტაბის ყოფილმა უფროსმა არ დააკონკრეტა, შესთავაზა თუ არა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, საქმეში მოწმის სტატუსის დარჩენის სანაცვლოდ. 
"იურიდიულად დავადასტურებ, თუ როგორ მოხდა ჩემი გამოძახება თავდაცვის სამინისტროში და როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ, ვინ გამომიძახა, როდის, როგორ მივედი, ყველაფერს საბოლოო სიტყვაში სასამართლოზე დეტალურად დავადასტურებ", - აღნიშნა გიგი კალანდაძემ. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა - თუ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ალასანიამ  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ბრალდებას ტყუილი უწოდა. 

კომენტარები