საქართველოს შეიარაღებული ძალები

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი ფორმა ექნება

თავდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდი
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება. ამის შესახებ თავდაცვის მინიტრმა ირაკლი ალასანიამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა.
 
"ავღანეთში ყოფნისას თუ აქ წვრთნებისას, მე ვისმენდი ჯარისკაცების შენიშვნებს ფორმასთან დაკავშირებით. ეს შენიშვნები გავუზიარე დემეტრე 96-ის ხელმძღვანელობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სიტუაცია სასწრაფოდ შეცვლილიყო, ამიტომ დღეიდან უკვე ახალი ფორმა ექნებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ქსოვილის ხარისხი არის ძალიან მაღალი - ორმაგად მაღალი, ვიდრე აქამდე იყო. გმირ ჯარს, რომელიც მზადაა სიცოცხლის ფასად შესწიროს თავი ქვეყანას, მუშაობის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ამ ვითარების ფუნდამენტურად შეცვლა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
 
მინისტრის თქმით, ქართველ სამხედროებს შენიშვნები აქვთ სამხედრო ფეხსაცმელთან დაკავშირებითაც, რაც ასევე გათვალისწინებული იქნება.  
 
"ხელმძღვანელობამ ამიხსნა, რომ უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებენ ახალ მოდელს, რომელსაც ელოდება გამოცდა ქართველი სამხედროების წვრთნების პირობებში და თუ იქნება მაღალი სტანდარტის, ამაზეც ვითანამშრომლებთ დემეტრე 96-თან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ჯარისკაცი, ამიტომაც მათ შევუქმნით ყველა ინფრასტრუქტურულ პირობას, რომ მოვალეობა ღირსეულად შეასრულონ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
 

კომენტარები