რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუს ოკუპანტებს დმიტროვკას დატოვება ვაიძულეთ

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქში  სოფელი დმიტროვკა დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს. 

"უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტერს ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელი დმიტროვკას დატოვება აიძულეს.

კრასნოპოლიეს მახლობლად [დონეცკის ოლქი] მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. რუსები არტილერიით სისტემატურად ბომბავდნენ დიბროვნოეს, პაშკოვოს, ჰრუშევახას, კურულკას, ბოლშაიას და კამიშევახას დასახლებებს". - წერია ანგარიშში.

გენშტაბის ინფორმაციით, სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით მძიმე ბრძოლები გრძელდება.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები