რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: პუტინმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და საკუთარი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო

REUTERS/Johanna Geron

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კომპრომისის მოსაძებნად და უკრაინაში მის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად მზად არ არის.

"ვიცი, რომ ის დათმობაზე წასასვლელად ჯერ მზად არ არის, მაგრამ უკრაინელები ახლა რუსეთს თამამად და გმირულად ეწინააღმდეგებიან და ასევე არ არიან მზად რაიმე დათმობისთვის. ამიტომ, ჯერ არ დამდგარა მომენტი, რომ ომის დასრულებაზე, კომპრომისებზე ვისაუბროთ". - თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, პუტინმა, მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმით, საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

"შემიძლია ვთქვა, რომ მან საბედისწერო შეცდომა დაუსვა, თავისი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო, თავს დაესხა მეზობელს და დაარღვია მისი სუვერენიტეტი. უახლოესი კვირები აჩვენებს, შესაძლებლობის ზღვარი სად გადის, მაგრამ ჯერ უკრაინის არმიამ მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და ჩვენ დავეხმარებით მას ამაში". - თქვა მაკრონმა.

ამასთან ერთად, მაკრონმა 16 ივნისს უკრაინაში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შედეგი არ გამოიღო.

16 ივნისს უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი ჩავიდნენ

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები