რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იმედგაცრუება საკმარისად ძლიერი სიტყვა არ არის – მაკრონი პუტინზე

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 16 ივნისს უკრაინაში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შედეგი არ გამოიღო. ინფორმაციას європейська правда ავრცელებს.

"იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი საათი გავატარე მასთან საუბარში და იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მოვინახულე ირპენი და ბუჩა, მე მხოლოდ იმედგაცრუებული არ ვარ. ეს საკმარისად ძლიერი სიტყვა არ არის, იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოიწვია ამ ადამიანის ქმედებებმა." - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პუტინთან ხშირად სწორედ უკრაინის მოთხოვნით რეკავდა.

"ზოგჯერ მე ვურეკავდი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, როდესაც მას პუტინისთვის გარკვეული მესიჯების ან წინადადებების გადაცემა სურდა". - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, პუტინის განზრახვებთან დაკავშირებით მას ილუზიები არ ჰქონდა.

"სწორედ ამიტომ ვეცადე ომის თავიდან აცილება. ამიტომ წავედი ზამთარში მოსკოვში და მანამდე ამ კაცთან ამდენი დრო გავატარე, რადგან მივხვდი, რომ ყოველი ეტაპი, რომელშიც ის გადავიდოდა, ყოველი ახალი ნაბიჯი, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის რაღაც შეუქცევადს შექმნიდა". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

16 ივნისს უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი ჩავიდნენ

კომენტარები