თსუ

თსუ: სტუდენტებთან შევთანხმდით სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, გამოცდები ცენტრებში ჩატარდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, 15 ივნისს რექტორი ადმინისტრაციასთან ერთად, პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. თსუ-ს ცნობით, მოლაპარაკების ფორმატში ერთობლივად, პუნქტობრივად განიხილეს სტუდენტთა ჯგუფის ძირითადი მოთხოვნები: სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხი, უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი, ფინალური გამოცდების ფორმატი და სხვა.

"შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული საკითხის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და  პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით თემატური სამუშაო ჯგუფები უკვე მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად და კონსტრუქციულ ფორმატში სამუშაოდ.

რაც შეეხება ფინალური გამოცდების ფორმატს, თითოეული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინალური გამოცდები იწყება 20 ივნისს 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში. 

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას  მიეცემა საშუალება, მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება" - აცხადებს თსუ.


რამდენიმე კვირაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოძრაობა ბრძოლა განათლებისთვის საპროტესტო აქციებს მართავს. 10 ივნისს აქციის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო, სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ, მათ შორის 4 კლინიკაში გადაიყვანეს.

თსუ-ში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, გამოცდები დასწრებით ფორმატში ტარდება. თბილისთან ერთად გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი, ხოლო საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში უფასო გახდა.

თავდაპირველად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, 2022 წლის 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლებულიყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ასევე მცირე პერიოდით საცხოვრებლის ქირაობას ვერ ახერხებდნენ. 

სტუდენტების პროტესტისა და განათლების სამინისტროს მოწოდების შემდეგ უნივერსიტეტი სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, ხოლო გამოცდები დასწრებითი ფორმით დაიგეგმა.

კომენტარები