უკრაინა-ევროკავშირი

შოლცი უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას ემხრობა, ის საქართველოს არ ახსენებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, საქართველოს კი არ ახსენებს.

"გერმანია უკრაინის შემთხვევაში სტატუსის მინიჭებას ემხრობა, ეს ეხება მოლდოვასაც" - თქვა შოლცმა კიევში, სადაც საფრანგეთის და რუმინეთის პრეზიდენტებთან და იტალიის პრემიერმინისტრთან ერთად ჩავიდა.

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი განცხადებები კიევში მყოფმა სხვა ლიდერებმაც გააკეთეს. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ოთხივე ქვეყანა უჭერს მხარს სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.

"ამ სტატუსს დაერთვება საგზაო რუკა. ასევე, მოხდება ბალკანეთში და სამეზობლოში არსებული ვითარების გათვალისწინება, კერძოდ, მოლდოვაში" - თქვა მაკრონმა და პირველი განცხადებისგან განსხვავებით, საქართველო ამჯერად არ უხსენებია. იქამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლდოვისა და უკრაინის განცალკევება შესაძლებელი არ არის, ხოლო "საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც მეგობრული და გეოგრაფიულად ახლო ერები არიან, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან".

იტალიის პრემიერის, მარიო დრაგის თქმით კი, "ყველაზე დიდი გზავნილი, რომელიც გვინდა ამ მოგზაურობით გავახმოვანოთ, არის ის, რომ იტალიას სურს უკრაინა ევროკავშირში". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "იტალია, საფრანგეთი და გერმანია აქ არიან, რათა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას".


საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე რეკომენდაციებს ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს.

13 ივნისს გამოცემა Politico-მ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიაში ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

წყაროს ცნობით, ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. ევროკომისრების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამავე სტატუსის მოლდოვისთვის მინიჭებასაც, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოსთან დაკავშირებით.


3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

იქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა.

გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება. 

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.

9 ივნისს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შესულ ერთ-ერთ შესწორებაში საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრითვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვის რეკომენდაციაზეც.

კომენტარები