საქართველო-ევროკავშირი

POLITICO: ევროკომისიაში ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭებაზე

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისიაში ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. 

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, რის შესახებაც ევროკომისრებმა ორშაბათს, 13 ივნისს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. მათ განხილვას კიევში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის მოულოდნელი ვიზიტი მოჰყვა. ეს უკრაინაში მისი მეორე სტუმრობაა მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისრების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამავე სტატუსის მოლდოვისთვის მინიჭებასაც, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოსთან დაკავშირებით.

"მოლდოვამ და საქართველომ ასევე შეიტანეს განაცხადი კანდიდატის სტატუსი და ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ [ევრო]კომისრები ძირითადად მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ამჟამად მტკიცედ პროევროკავშირული მთავრობაა, თუმცა ისინი ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოზე, რომელმაც ბოლო წლებში განიცადა ფართო პოლიტიკური არეულობა და შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლა". – წერს გამოცემა. 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა გაერთიანების ოცდაშვიდივე წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდეს. როგორც POLITICO წერს, უკრაინისთვის ამ სტატუსის მინიჭებას ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება, მინიმუმ, 3 ქვეყანა.

POLITICO-სთან ევროკომისიის მაღალჩინოსანმა აღნიშნა უკრაინელთა მსხვერპლი, რომელიც 2014 წელს ევრომაიდანის აქციების დროს გაიღეს. 

"კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ევროპაში არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხალხს ესროდნენ იმიტომ, რომ ქუჩაში ევროკავშირის დროშებს ატარებდნენ. ახლა მათ ვერ ვეტყვით, ბოდიში, არასწორ დროშებს აფრიალებდითო". – თქვა გამოცემასთან მაღალჩინოსანმა. 

უკრაინისთვის კანდიდატის მხარდამჭერების თქმით, სტატუსის მინიჭების შეყოვნება ცუდად იმოქმედებს უკრაინელების სულისკვეთებაზე, მაშინ, როცა ისინი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

გასულ კვირებში ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დააფიქსირა მოსაზრება, რომ უკეთესი იქნება თუ უკრაინას რაიმე სახის შუალედურ სტატუსს მიანიჭებენ, რაც გააძლიერებს მათ ურთიერთობას ევროკავშირთან.

3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

 აქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა.

გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება. 

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.

9 ივნისს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შესულ ერთ-ერთ შესწორებაში საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრითვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვის რეკომენდაციაზეც.

კომენტარები