რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ჩვენ გავათავისუფლებთ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმსაც

Boris Roessler/dpa/picture alliance/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული ახალი იარაღი უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმისა და დონბასის დაბრუნებაში დაეხმარება. ამის შესახებ რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა

"ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს, ყველას, ყირიმის ჩათვლით. [...] ყირიმის გათავისუფლება უკრაინისთვის სტრატეგიული ამოცანაა, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ". – თქვა რეზნიკოვმა. 

თავდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ნაბიჯი იქნება ხმელეთზე სიტუაციის სტაბილიზაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამატებითი დანაკარგები რუსეთის ძალების წინააღმდეგ. მეორე ნაბიჯი, მისი თქმით, არის რუსული ძალების უკან დახევა იმ პოზიციებამდე, რასაც ისინი 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე იკავებდნენ. 

მხოლოდ მესამე ეტაპზე იქნება შესაძლებელი უკრაინის პარტნიორებთან მოლაპარაკება, "როგორ მოხდეს ტერიტორიების გათავისუფლება, მათ შორის ყირიმისაც". რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა იარაღს არ გამოიყენებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ თვლის.

კითხვაზე, უკრაინის სურვილი, დაიბრუნოს ყირიმი სამხედრო გზებით, მოახდენს თუ არა რუსეთის, რომელიც ყირიმს საკუთარ ტერიტორიად თვლის, დამატებით პროვოცირებას, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ ეს საერთოდ არც განიხილება. 

"არ აქვს მნიშვნელობა. რადგან ისინი [რუსები] ამას ნახავენ ხერსონში, ისინი ამას ნახავენ ზაპოროჟიეში და ასევე ნახავენ მარიუპოლში. მაგრამ ეს უკრაინის მიწებია და ყირიმიც ასევე უკრაინის მიწაა, მიუხედავად ყველაფრისა". – ამბობს რეზნიკოვი. 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად დონბასში $1 მილიარდის ღირებულების იარაღს გაგზავნის.

მხარდაჭერის პაკეტი დამატებით საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის ტექნიკას მოიცავს. ასევე,  მოწინავე საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას.

[...] მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი ერთგულება, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდითაა, რადგან რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე აშშ უკრაინის დემოკრატიას იცავს და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები