რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: დასავლელმა პარტნიორებმა მითხრეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას არ შეწყვეტენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ ისინი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას არასოდეს შეაჩერებენ.

"აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა და დასავლეთის ქვეყნების სხვა ოფიციალურმა პირებმა მითხრეს: - ოლეკსი, არ იდარდო, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ შენი ქვეყნის, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის პრეზიდენტის დახმარებას გავაგრძელებთ. ეს ყველაფერი გუშინ მოვისმინე და გულწრფელად ვიგრძენი, რომ ისინი მართლაც არ გაჩერდებიან". - თქვა რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში.

რეზნიკოვის თქმით, აშშ-სა და ევროპის დაპირება არა მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერაც არის.

"ვფიქრობ, ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ მათ სურთ, ამ გამარჯვებაში ჩვენი პატნიორები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ნატოსთვის, ევროკავშირისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების სისტემისთვის მთავარი საფრთხეა". - ამბობს რეზნიკოვი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები