16 მაისის აქცია

კანდელაკი: ზურაბიშვილის მთავარი სურვილი ივანიშვილის რეპუტაციის გამოსწორება იყო

გიორგი კანდელაკი
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის მთავარი სათქმელი ბიძინა ივანიშვილის შელახული რეპუტაციის გამოსწორება იყო.

"გუშინ სალომე ზურაბიშვილის ალბათ მთავარი სათქმელი, მთავარი სურვილი იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვა კრიტიკისგან და მისი რეპუტაციის გამოსწორება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რაოდენ მცდარი იყო ყველა ის მოწოდება და რაოდენ ცდებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმენაირ მნიშვნელობას ანიჭებდა და რაიმენაირ ლეგიტიმაციას ახდენდა სალომე ზურაბიშვილისა, რომელიც ყოველთვის, დეპუტატად გახდომის დღიდან პირადად ანგარიშვალდებული იყო ივანიშვილთან. გუშინ ზურაბიშვილმა საზოგადოებას კი არ მიმართა, არამედ მიმართა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ გადამწყვეტი მნიშვნელობის არის სიცხადე პოლიტიკაში და რაოდენ დიდი ზიანის მომტანია ბუნდოვანება, აღრევა მორალური ორიენტირებისა". - ამბობს კანდელაკი.

გიორგი კანდელაკმა პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აღნიშნული აქციის მთავარი მიზანი საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა და ივანიშვილის რეპუტაციის გამოსწორებაზე ზრუნვაა.

„ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი და სურვილი იყო, რომ რამენაირად გამოსწორდეს ივანიშვილის პასუხისმგებლობა და რეპუტაცია, გარდა იმისა, რომ განხეთქილება შევიდეს საზოგადოებაში და დაემცროს 20 ივნისის, როგორც ისტორიული, მნიშვნელოვანი თარიღის როლი. თუ გვინდა რომ დავეხმაროთ სალომე ზურაბიშვილს ამ მისწრაფებაში, მაშინ შეგვიძლია მივიდეთ 16 ივნისის აქციაზე, ოღონდ ევროკომისიას, ცხადია, ვერანაირ აზრს ვერ შევაცვლევინებთ ივანიშვილის რეპუტაციის გამოსწორების აქციაზე მისვლით". - თქვა კანდელაკმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პარტიებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

20 ივნისს დაგეგმილი აქციის ფონზე, პარტიების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გაემიჯნა, ნაწილმა კი მოქალაქეებს ორივე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

კომენტარები