რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ აზოვსტალში დაღუპული დამატებით 64 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინამ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაში დაღუპული დამატრებით 64 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტრო ავრცელებს.

"უკრაინამ აზოვსტალის მცველი 64 გმირის ცხედარი დაიბრუნა ღირსეული დაკრძალვისთვის. [...] დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება". – წერია განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნება "გაცვლის" შედეგად მოხდა.

8 ივნისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპული 210 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნეს.

"მარიუპოლში დაღუპული მებრძოლების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება". - ნათქვამია განცხადებაში.

ცხედრების უმრავლესობა, რომელიც უკრაინამ დაიბრუნა, აზოვსტალის ქარხნის მცველებს ეკუთვნის.   

უკრაინელები მუშაობენ, რათა ყველა მებრძოლის ცხედარი დაიბრუნონ. ასევე, უკრაინული მხარე ცდილობს, დაახლოებით, 2 500 ჯარისკაცის დაბრუნებას, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ოკუპანტებს და მათ მიერ მხარდაჭერილ ძალებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი. 

"ყველა დაღუპული მცველი უკრაინის ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდეს. ისინი უკანასკნელ გზაზე პატივით უნდა გავაცილოთ". - წერია განცხადებაში.  

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, უწყებაში აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

თუმცა, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებით, "ნაცისტი კრიმინალები" არ უნდა გაცვალონ. ასევე, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები აზოვსტალის მცველებს დაკითხავენ. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

კომენტარები