სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ

დროა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების და სახელმწიფო უწყებების სანქცირებას ითხოვს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ევროკავშირთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ღალატია. მისი თქმით, საპასუხოდ, ახლა მოქმედების დროა და საზოგადოებას გეგმები გააცნო: 

"ირაკლი ღარიბაშვილისგან და რეალურად ოლიგარქ ივანიშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება - ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ რომ ნელნელა პროცესი რომელიც მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე რომ ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება რომ კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს - ევროპულ პერსპექტივას. ეს არ არის მოულოდნელი და არც წუწუნს ვაპირებთ - ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას...

პარტნიორებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ 2 საკითხზე: პირველი, ეს არის სანქცირების პროცესის ბოლომდე მიყვანა".- ამბობს ხოშტარია და აღნიშნავს, რომ სანქცირებულები უნდა იყვნენ, ის ოლიგარქები, რომლებიც არიან ივანიშვილის ბიზნესსაყრდენები

ხოშტარიას თქმით, 5 "ბიზნესოლიგარქის" სანქცირებას ითხოვს, რაზეც უკვე მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად: დავით ხიდაშელი, უჩა მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ოთარ ფარცხალაძე და ვანო ჩხარტიშვილი. 

"შემდეგი საყრდენი არის სასამართლო სისტემა და აქ მთავარი პრინციპი იქნება კლანის დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების განადგურება. აქაც ჩვენ გვექნება კონკრეტული სია და ფაქტები. შემდეგია პროკურატურა, რომელიც ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში... სუს-ი, როგორც ძალადობის პოლიტიკური ინსტრუმენტი ასევე უნდა იყოს სანქცირებული... და პოლიტიკური პოლიცია - მე დიდ პატივს ვცემ კეთილსინდისიერ პოლიციელებს, ისინი უნდა გათავისუფლდნენ იმ პოლიტიკური მარწუხებისგან, რომელიც შექმნილია ამ პოლიტიკური ოლიგარქიული მმართველობით".- ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, დროას წევრები და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში გაემგზავრებიან, რათა "ქართველი ხალხის ევროპისადმი სწრფვის ნების სიმტკიცე გააცნონ" და სანქციებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ. 

კომენტარები