ევროკავშირი-უკრაინა

კულება: ევროპას ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია, სტერეოტიპები უნდა დავძლიოთ

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

"ევროპაში ახლა ისმის არგუმენტები იმ გარდაუვალ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს".- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და აღნიშნავს, რომ ევროპას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია. 

"განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა მისცენ უკრაინელებს და ამავდროულად არ მისცენ რუსებს. მოგვცეს, არაფერი მოხდა. თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპელი მწარმოებლებისთვის საფრთხე უნდა შეექმნა, ასე არ მოხდა. უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, ასეთი არაფერი მომხდარა".- ამბობს კულება. 

 კულებამ აღნიშნა, რომ ახლა ჩვენ ყველანი ახალ რეალობაში ვართ და კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველასთვის მომგებიანი იქნება. 

"ახალმა რეალობამ დააჩქარა ყველაფერი და ახლა ჩვენ ავაშენებთ კედელს. ახლა არცერთი ჩვენგანი არ იყურება ქვემოთ. ყველა მაღლა იყურება... ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას ესმის, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს მთელ ევროპას. ეს არის მოგება ყველასთვის. ჩვენ უნდა გადავლახოთ სტერეოტიპები და დავძლიოთ შიშები".- ამბობს კულება. 


11 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას უთხრა, რომ ევროკავშირის აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

მანამდე, Bloomberg-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს ოფიციალურად გასცემს

8 ივნისს, ევროპარლამენტის რეზოლუციით, ევროკავშირმა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 438 მომხრეთი და 68 წინააღმდეგით, მხარი დაუჭირა. 

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ევროპარლამენტარებმა დღეს, 8 ივნისს პლენარულ სხდომაზე მიიღეს. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეიენმა, ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

კომენტარები