რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაბომბეს – 4 ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქები სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაბომბეს. რუსების იერიშებს 4 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

"რუსები აგრძელებენ სევეროდონევცკზე შეტევას. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ უბნებსა და სამრეწველო ობიექტებს ესხმიან თავს". - წერს გაიდაი.

5 ივნისს სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ უკრაინელებმა სევეროდონეცკის ნახევარზე კონტროლი დაიბრუნეს. მისივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქის 70%-ს აკონტროლებდნენ, თუმცა 2 დღეში მათ უკან დაიხიეს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები