რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაიდაი: უკრაინა ახლა სევეროდონეცკის მხოლოდ გარეუბნებს აკონტროლებს

Alexander Ermochenko/Reuters

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთის მხირიდან თავდასხმების შედეგად, სევეროდონეცკიდან უკან დაიხიეს და ახლა მხოლოდ ქალაქის გარეუბნებს აკონტროლებენ.

ლუგანსკის გუბერნატორმა განმარტა, რომ უკრაინის სპეცრაზმის ქალაქში დარჩენას აზრი არ აქვს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტერიტორიის დაბომბვა და საჰაერო თავდასხმები დაიწყო.

რეგიონის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის ქვედანაყოფებმა სევეროდონეცკსა და სამხრეთით მდებარე სოფლებში მძიმე ბრძოლების ფონზე, შესაძლოა, სხვა ტერიტორიებიდანაც "დაიხიონ უკან", რადგან რუსეთი დონბასში წინსვლას ცდილობს.

"ჩვენი ძალები ქალაქის გარეუბნებს აკონტროლებენ, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება, ჩვენი ჯარისკაცები სევეროდონეცკს იცავენ, შეუძლებელია ითქვას, რომ რუსები ქალაქს სრულად აკონტროლებენ". - თქვა გაიდაიმ.

5 ივნისს სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ უკრაინელებმა სევეროდონეცკის ნახევარზე კონტროლი დაიბრუნეს. მისივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქის 70%-ს აკონტროლებდნენ, თუმცა 2 დღეში მათ უკან დაიხიეს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები