ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამია რუსთავი 2-სგან კომპენსაციის სახით $5 მილიონს ითხოვს

მთავარი არხის გენერალური დირექტორი და რუსთავი-2-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით  $5 მილიონს ითხოვს. ამის შესახებ გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ისაუბრა. ადვოკატის თქმით, გვარამიას სასამსახურო ხელშეკრულების თანახმად, თანამდებობიდან მისი 2020 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლება აკრძალული იყო, ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა კი ის ამ ხელშეკრულების დარღვევით გაათავისუფლა.

"ნიკა გვარამიას რუსთავი 2-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზე დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით. ეს არის ზიანი, რაც მას მადგა რუსთავი 2-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამიას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ რუსთავი 2-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს". – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები