რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და დონბასის აღმოსავლეთ ნაწილში ოკუპანტების შეტევებს უმკლავდებიან. მისივე სიტყვებით, უკრაინელებმა სევეროდონეცკში "გარკვეულ წარმატებას" მიაღწიეს.   

"ჩვენ სევეროდონეცკისთვის ბრძოლაში გარკვეული წარმატება გვაქვს. თუმცა, ასევე, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი - ეს ყველაზე რთული საკითხია. ქალაქებსა და მის ირგვლივ დასახლებებში - ლისიჩანსკში, ბახმუტსა და სხვა ქალაქებში რუსების ძლიერი თავდასხმებია". - თქვა მან. 

ხუთშაბათის, 2 ივნისის მონაცემებით, სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები გრძელდება. 

"რუსეთის არმია მის მთელ შესაძლებლობას იყენებს და ადამიანებს არაფრად აგდებს. ყველაზე უფრო ცინიკური არის ის, რომ ფრონტის წინა ხაზზე ოკუპანტები ძალიან ხშირად აყენებენ ადამიანებს, რომლებიც არმიაში მანამდე ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან გაანაწილეს.

[...] რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო სამარცხვინო და ცინიკურ რაღაცებს ჩაწერს რუსეთი სამუდამოდ საკუთარ ისტორიაში". - ამბობს ზელენსკი.   

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სევეროდონეცკის სწრაფად გათავისუფლების შესაძლებლობა აქვთ. 1-ელ ივნისს გაიდაიმ თქვა, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის, დაახლოებით, 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული - ეს, 125 000 კვადრატული კილომეტრია.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები