რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი მზადაა, მოიძიოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ვარიანტები – კრემლი

ft.com

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ესაუბრა. პუტინმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინას შესაძლებლობა მისცეს მარცვლეული შავი ზღვის პორტებიდან გადაზიდოს.  

"რუსეთი მზადაა, მოიძიოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ვარიანტები, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის". - ვკითხულობთ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პუტინმა მაკრონსა და შოლცს ასევე უთხრა, რომ რუსეთი მზადაა, გაზარდოს სასუქებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, თუ მასზე სანქციები მოიხსნება. ეს შეთავაზება რამდენიმე დღის წინ პუტინმა იტალიისა და ავსტრიის ლიდერებსაც წარუდგინა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, 28 მაისს უთხრა, რომ გლობალური სასურსათო კრიზისთან გასამკლავებლად საერთაშორისო პარტნიორები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე მუშაობენ. 

რუსეთი და უკრაინა ხორბლის გლობალური მარაგების თითქმის მესამედ ფლობენ. რუსეთი, ასევე, სასუქის ექსპორტიორია, უკრაინა კი სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის.

უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთს სასურსათო კრიზისის "ომის იარაღად" გამოყენებაში ადანაშაულებენ: რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მარცვლეულის, ზეთის, საწვავისა და სასუქების ფასი გაიზარდა. თავის მხრივ, რუსეთი ფასების ზრდას დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს აბრალებს.

ლიდერები, ასევე, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების საჭიროებასაც შეეხნენ. კრემლის ცნობით,  პუტინმა მაკრონთან და შოლცთან საუბრისას აღნიშნა, რომ მზადაა, გააგრძელოს უკრაინასთან მოლაპარაკებები. 

"განსაკუთრებული ყურადღება კიევის გამო გაყინულ მოლაპარაკებებს დაეთმო. პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსული მხარის მზაობა, განაახლოს დიალოგი". - წერს კრემლი პუტინის, შოლცისა და მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები