თსუ

თსუ-ს სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში შეძლებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ფინალური გამოცდები თბილისის გარდა დამატებით საგამოცდო ცენტრებში - ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართება.    

თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა ფოთოლაშვილის თქმით, თსუ-ის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისი და ახალციხე, რათა  გაუმარტივდეს სტუდენტს გამოცდაზე გამოცხადება.

"ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების რეგისტრაცია 4 დღის  განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი დღეს სრულდება. რეგისტრაციის შედეგად, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის  ჩაბარების სურვილი მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოთქვა".- ამბობს ფოთოლაშვილი.     

მისი თქმით, სასწავლო პროცესი თსუ-ში  მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმატით, რაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულ პროგრამებზე არის როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიო სწავლება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ხმაური იყო. სტუდენტები გამოცდების დისტანციურ რეჟიმში ჩაბარებას ითხოვდნენ და შენობაში აქცია გამართეს. 

სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეღწევას ცდილობდნენ, რა დროსაც დაცვის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. 

კომენტარები