რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უსაფრთხოების მიზნით" – ხერსონის მარიონეტულმა რეჟიმმა ოლქებთან ე.წ. საზღვრები ჩაკეტა

რუსი ოკუპანტი ხერსონთან

ხერსონის მარიონეტულმა რეჟიმმა ოლქებთან, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს, ე.წ. საზღვრები ჩაკეტა. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიასთან ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ისაუბრა. მისი მტკიცებით, გადაწყვეტილება "უსაფრთხოების მიზნით" მიიღეს.  

"საზღვარი ახლა უსაფრთხოების მიზნით არის დაკეტილი. ნიკოლაივისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებთან საზღვრის კვეთა საშიშია, რადგან უკრაინელი სამხედროები მას სისტემატურად ბომბავენ. [...] უკრაინაში რაიმე მიზნით წასვლას საერთოდ არ გირჩევთ". - თქვა მან.  

ოკუპანტები უკრაინის ოლქებს ბომბავენ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება, თუმცა სტრემოუსოვი ამტკიცებს, რომ მოქალაქეები უკრაინელი სამხედროების ქმედებების შედეგად იღუპებიან.  

მისივე სიტყვებით, ხერსონის ოლქიდან შესაძლებელია ყირიმში, ასევე, ჟაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილებში გადასვლა, რომლებიც ოკუპანტებს აქვთ დაკავებული. ასევე, სტრემოუსოვის თქმით, ხერსონში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ დონბასში გადასვლა.  

24 მაისს სტრემოუსოვმა რუსეთს ხერსონში სამხედრო ბაზის გახსნის თხოვნით მიმართა. მანამდე, 11 მაისს, მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსეთის ფედერაციაში შესვლა სთხოვა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავენ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის "ძალიან მძიმე თვე".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები