რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის ოლქის მარიონეტული რეჟიმი რუსეთს სამხედრო ბაზის გახსნას სთხოვს

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

უკრაინაში, ხერსონის ოლქში ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია რუსეთს სამხედრო ბაზის გახსნას სთხოვს. ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია ოკუპანტებმა ხერსონში შესვლის შემდეგ დანიშნეს.  

ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი ესაუბრა - მისი თქმით, რუსული სამხედრო ბაზა "უსაფრთხოების გარანტია" იქნება. 

"ხერსონის ოლქში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზა უნდა იყოს. ჩვენ ამას მოვითხოვთ, ეს მთელი მოსახლეობის სურვილია. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, [რუსული სამხედრო ბაზის გახსნა] ოლქისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია გახდება". - უთხრა მან რუსულ სამთავრობო მედიას.  

11 მაისს სტრემოუსოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციაში შესვლის თხოვნით მიმართა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავენ. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები