რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა

უკრაინელების მიერ დაპატიმრებულმა რუსმა სამხედროებმა, ოლექსანდრ ივანოვმა და ოლექსანდრ ბობიკინმა პოლტავას ოლქში გამართულ სასამართლო სხდომაზე უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარეს. მათ წინასწარი ჯგუფური შეთქმულებით წარმოებული ომის კანონებისა და წესების დარღვევა ედებათ ბრალად.

კონკრეტულად, ჯარისკაცებს ბრალად ედებათ 24 თებერვალს რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან უკრაინაში, ხარკოვის ოლქის მიმართულებით გრადის ტიპის რაკეტების სროლა. საქმის მასალების მიხედვით, სამხედროებმა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, მათ შორის კერძო სახლებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და დააზიანეს. ისინი უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში დააკავეს.

როგორც ცნობილია, სასამართლომ რუსი სამხედროების მიმართ განაჩენი 31 მაისს უნდა გამოიტანოს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სასამართლომ კიდევ ერთ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა უკვე მიუსაჯა

უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა. შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. შიშიმარინმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და პატიებაც ითხოვა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები