რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სახლები და სავაჭრო ცენტრი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებები ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. 2 რაკეტა დასახლებულ პუნქტებსა და სავაჭრო ცენტრს დაეცა. რუსების იერიშებმა 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 პირი კი დაშავდა. აგრეთვე, სულ მცირე 62 სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია ზაპოროჟიეს რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებით ინტენსიურ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. გასულ ღამეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს 4 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს, რომლიდანაც 1 ჩვენმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. გვჯერა ჩვენი ჯარისკაცების, ერთად გამარჯვებისკენ!". - წერს ადმინისტრაცია.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები