რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

"29 350-მდე ოკუპანტი, 1 302 ტანკი, 205 თვითმფრინავი" – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 29 350-მდე სამხედრო დაკარგა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 24 მაისის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 29 350 სამხედრო
  • ტანკები - 1 302
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 194
  • საარტილერიო სისტემები - 606
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 201
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93
  • თვითმფრინავი -  205
  • ვერტმფრენები - 170
  • გემები / ნავები - 13
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 480
  • სპეციალური აღჭურვილობა - 43

გენშტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები