რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზალუჟნი: ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 დასახლება გაათავისუფლეს

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 24 დასახლება. ამის შესახებ ზალუჟნიმ FACEBOOK-ზე დაწერა.

მისი თქმით, სოფელ კუტუზოვკაში, რომელიც მაისის დასაწყისში იყო ოკუპირებული, დაახლოებით 170 ადგილობრივი მცხოვრები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საბავშვო ბაღის სარდაფში. მათ შორის 40 ბავშვი  - 3 თვიდან 12 წლამდე.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 მაისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსეთის ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის 23 დასახლება.

16 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბატალიონმა რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვრამდე უკუაქცია.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები