რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსი: უკრაინაში შემოჭრის შემდეგ, პუტინის მოკვლა სცადეს

ვლადიმირ პუტინი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს. 

ამის შესახებ ბუდანოვი უკრაინსკა პრავდასთან ინტერვიუში საუბრობს. 

"იყო პუტინის მკვლელობის მცდელობები.. არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც ამბობენ, კავკასიის წარმომადგენლების მეშვეობით იყო მასზე მკვლელობის მცდელობა. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. სრულიად წარუმატებელი მცდელობა, მაგრამ მართლაც იყო ასეთი ფაქტი... ეს იყო დაახლოებით 2 თვის წინ"- ამბობს ბუდანოვი. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები