რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Starbucks რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს

15 წლიანი მუშაობის შემდეგ, კომპანია Starbucks-მა რუსეთის ბაზრის სრულად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

Starbucks-ს რუსეთში 130 ფილიალი აქვს, სადაც 2 000-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ არ დაასახელა ფინანსური ზიანი, რაც რუსეთის ბაზრის დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს.

16 მაისს, მაკდონალდსმა რუსეთში ბიზნესის გაყიდვის პროცესი დაიწყო, 30-წლიანი მუშაობის შემდეგ კომპანია რუსულ ბაზარს საბოლოოდ ტოვებს.

"უკრაინაში ომით გამოწვეულმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა და მზარდმა არაპროგნოზირებადმა სამუშაო გარემომ მაკდონალდსი მიიყვანა დასკვნამდე, რომ რუსეთში ბიზნესის მუდმივი მფლობელობა აღარ არის მდგრადი, არ შეესაბამება მაკდონალდსის ღირებულებებს". – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტში მაკდონალდსმა რუსეთში 850-მდე რესტორანი დროებით დახურა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები