უკრაინის სეპარატისტული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშილინმა თქვა, რომ აზოვსტალის მცველები სეპარატისტულ რეგიონში გასამართლდებიან. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით Reuters-ი საინფორმაციო სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აზოვსტალის პატიმრები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ასევე, მათთვის საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობა რესპუბლიკის ტერიტორიაზე იგეგმება". - თქვა პუშილინმა.
17 მაისს უკრაინამ დაიწყო აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით დაჭრილთა ევაკუაციის დეტალებს არ ასაჯაროებს. რუსულ მედიაში წერენ, რომ დაჭრილი უკრაინელი სამხედროები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.
ვოლოდინი აზოვის მებრძოლებზე: ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ
რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.
აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.





