NATO-საქართველო

მთავრობა: ღარიბაშვილი სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, "შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, რაც  ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს  პრიორიტეტს წარმოადგენს". 

"მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.  

გენერალურ  მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია  როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ნატო-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერმინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.


დღეს, 18 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა. შესაბამისი ცნობა NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ შეხვედრის გაუქმების მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

მოგვიანებით, NATO-მ განცხადება განაახლა, რომლის მიხედვითაც, გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებოდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ბრიუსელში 17 მაისს გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც ღარიბაშვილთან საუბარში ყურადღება ქვეყანაში რეფორმებისა და კანონის უზენაესობის საჭიროებაზე გაამახვილა.

კომენტარები