ნიკა გვარამიას საქმე

18 მაისს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

18 მაისს მთავარი არხის დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გასაპროტესტებლად მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. მარში 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. 

"16 მაისს ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ქართულმა ოცნებამ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი.

დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.

კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება.

გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება და გსურთ მოიპოვოთ თავისუფლება". – წერია Facebook-ზე ღონისძიების აღწერაში. 

მარში მთავარი არხის, ფორმულას, კავკასიისა და TV პირველის მიერ არის ორგანიზებული. ოთხმა ტელეკომპანიამ 16 მაისს საერთო განცხადებაც გაავრცელა


16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები