ნიკა გვარამიას საქმე

ბოკერია კობახიძეზე: ოცნების პროპაგანდაში თავისუფალი სამყარო ეტაპობრივად მტრად იქცევა

"თავისუფალი სამყარო ეტაპობრივად მტრად იქცევა მათ პროპაგანდაში". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საელჩოებთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

კობახიძემ დღეს, 17 მაისს მთავარი არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე საუბრისას თქვა, რომ "საელჩოების განცხადებებმაც გვარამიას 2017-ში საშუალება მისცა, რუსთავი 2-ის ძარცვა განეგრძო".  

ბოკერიას შეფასებით, ოლიგარქიული და ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან თავისუფალი სამყაროს დემონიზება გარდაუვალია. 

"სხვანაირად ვერ შეინარჩუნებს თავის გზავნილს - თუ არ ახდენს დემონიზებას, მაშინ გამოდის, რომ ის, რასაც აკეთებს ქვეყნის შიგნით, არასწორია. ამიტომ ყველა, ვინც იქნება ოპონენტი ქვეყნის შიგნით ან კრიტიკოსი ქვეყნის გარეთ, ისე, როგორც თავისთავად იდეა იმის, რომ არსებობს თავისუფალი კონკურენცია, რომ ოპონენტების დევნა არასწორია, ამის წინააღმდეგ კამპანია უნდა აწარმოოს. ამიტომ, ყველა, არა მარტო შიდა ოპოზიცია, არა მარტო ახლა უკრაინის მთავრობა, არამედ მთლიანად თავისუფალი სამყარო ნელ-ნელა, ეტაპობრივად ბოლომდე მტრად იქცევა მათ პროპაგანდაში. ჩვენ ამას ვხედავთ წლებია, ოღონდ ბოლო პერიოდში პროცესი მეტად დაჩქარდა. ეს მიდგომა მათ აქამდეც ჰქონდათ. პროცესი ღრმავდება, მაგრამ ივანიშვილს მიდგომა და დამოკიდებულება ყოველთვის ასეთი იყო. 

ისევ იანუკოვიჩი რომ გავიხსენო, ეს ვითომ არგუმენტი, რომ კანონის უზენაესობაა მთავარი და ამიტომ იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს, კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგას, არის ყველა ავტორიტარის საყვარელი ფრაზა. პირდაპირ რომ არ ამბობენ, მინდა, რომ დავიჭიროო, ამას აგრძნობინებენ ყველაფრით, მაგრამ ნორმა არის თქვა, რომ კანონის უზენაესობაა. ყველა ავტორიტარი, დიქტატორი იძახის, რომ კანონის უზენაესობას იცავს". - ამბობს გიგა ბოკერია. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნების პირობებში, "საოცრება თუ არ მოხდა", საქართველოს თავისუფალ სამყაროში სრულფასოვნად დაბრუნების, თავისუფალ ქვეყნად გადაქცევისა და გარე მთრისგან დაცვის, ქვეყნის შიგნით კი თავისუფლების დაცვის შანსი არ არსებობს. მისივე სიტყვებით, "საოცრებაზე გათვლა უპასუხისმგებლობაა". 

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ ქვეყანაში ეს მძიმე რეალობა დავანახოთ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს, იმ ნიაღვრის ფონზე, რასაც აწარმოებს ივანიშვილი, ზოგჯერ, ეფექტურად. უნდა დავანახოთ მომავალი, რომ შევკრათ იმხელა უმრავლესობა ამ ქვეყანაში, რომ ამ რეჟიმს წერტილი მშვიდობიანად დავუსვათ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. 

ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ყოველთვის იყო ასეთ საკითხებზე. ეს არ არის ასეთი შინაარსის პირველი განცხადება. მათი წნეხი იქნება ფაქტორი მშვიდობიანად ამ რეჟიმის დამარცხებითვის, ოღონდ, ამის მიღწევას სჭირდება ჯერ ქვეყნის შიგნით გარდატეხის მოხდენა - ეს გვაქვს მოსახდენი. ამის შემდეგ, თავისუფალი სამყარო, ყველა ჩვენი პარტნიორი საელჩო, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არა თუ მნიშვნელოვანი მოკავშირე, არამედ, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყოს ქვეყნის დახმარებისთვის. ოღონდ ჩვენ გარეშე, საქართველოს მოქალაქეების გარეშე, ეს ვერ მოხდება". - ამბობს გიგა ბოკერია.  

ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან კრიტიკა მოჰყვა - საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ 2017 წელი გაიხსენა, როდესაც, მისი შეფასებით, მათ შორის საელჩოების განცახადებამ საშუალება მისცა ნიკა გვარამიას, "რუსთავი 2-ის ძარცვა განეგრძო". კობახიძე ყველას მოუწოდებს, იგივე არ გაიმეორონ. 

"არის ერთი, რომ 2017 წელს იმ კამპანიაში ჩართულები იყვნენ უცხოელი ლობისტებიც და არა მარტო, სამწუხაროდ, ამის მიღმაც იყო ჩართულობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ შორის, ამ განცხადებებმაც, იგივე საელჩოების განცხადებებმაც საშუალება მისცა 2017 წელს გვარამიას, 2017-2019 წლებში დამატებით განეგრძო რუსთავი 2-ის ძარცვა. დღესაც, სამწუხაროდ, ვხედავთ იგივეს. ეს არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. რა თქმა უნდა არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ნაცმოძრაობა ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია ამას ჩვენ არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით, მაგრამ, არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტანტაცია, შეფასებაში ჩვენ ბუნებრივია ვერ შევალთ. 

ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როდესაც გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით რუსთავი 2-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადება, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების და ტელეკომპანიის წინააღმდეგ". - თქვა მან. 

კომენტარები