ნიკა გვარამიას საქმე

დვალი: გვარამიას სახით პოლიტპატიმარი გვყავს, ქიბარ ხალვაშს აქეთ მოუწევს მილიონების გადახდა

"ვაღიარებ, რომ ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ მეგონა, ამ ნაბიჯს თუ გადადგამდნენ" - ასე გამოეხმაურა რუსთავი ორის დამფუძნებელი დავით დვალი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას და მთავარი არხის დირექტორს პოლიტიკური პატიმარი უწოდა.

"რეალობის წინაშე ვდგავართ, ეს ნაბიჯი გადაიდგა, ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმარი და ეს ყველაფერი გაკეთდა ისტორიული მომენტის წინ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ. ეს სუფთა პროვოკაციაა" - აღნიშნა მან TV პირველის ეთერში.

დავით დვალის თქმით, რუსთავი ორის მფლობელს, ქიბარ ხალვაშს "იქით მუწევს მილიონების ანაზღაურება იმის გამო, რაც გააკეთა რუსთავი ორთან დაკავშირებით, როცა ხელში ჩაიგდო". დვალი ამბობს, რომ პროკურატურაში შეტანილი აქვს მოთხოვნა, დაიწყოს გამოძიება, როგორ დათმო ქიბარ ხალვაშმა რუსთავი ორის აქტივები მედია ჰოლდინგის სასარგებლოდ.

"სიმბოლურ 10%-ად რაღაც ჰოლდინგს გადასცა მთელი ქონება - ბრენდი, თანამშრომლები, არაფრის დირექტორი და მფლობელი აღარ არის ქიბარ ხალვაში დიდი ხანია. ყველაფერი გადავიდა, ახალი კონტრაქტებია, რომელიც ჰოლდინგს ეხება. ვის სთხოვს მილიონებს, მან მთელი აქტივები გადასცა სრულიად უსასყიდლოდ. არაფერი მუდმივი არ არის, დრონი მეფობენ, ყველა აგებს პასუხს. ის, რაც გაუკეთა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი ორს, ნიშნავს დამოუკიდებელი საქართველოს მთელი მემატიანეს გაცამტვერებას. არ დაიჯეროთ, რომ დღეს რუსთავი ორია ეთერში, დღეს ეთერში არის რაღაც ჰოლდინგი, რომელსაც მითვისებული აქვს ლოგოც და თანამშრომლებიც. ასე მოკლეს და გაანადგურეს და ამის მერე ბედავს და ამბობს, რომ გვარამიამ მიაყენა ზიანი რუსთავი ორს?" - თქვა დავით დვალმა.

რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს 2019 წლის 18 ივლისს გადაეცა. 30 ივლისს ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, რომელზეც მათ უარი თქვეს. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ 2004 წელს იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანიის წილი. იმავე წელს გახდა ხალვაში მფლობელი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მას იძულებით შეაძენინეს წილი და შემდეგ იძულებით დაათმობინეს 2006 წელს. 

კომენტარები