ნიკა გვარამიას საქმე

საია: გვარამიას განაჩენი სამართლებრივად პრობლემურია, ასევე, არსებობს საეჭვო გარემოებები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენი პრობლემურია "როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით". საია იქვე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას. საია მონიტორინგს უწევდა ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის პროცესებს.

"საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს მიმართა სასამართლო მეგობრის პოზიციით, სადაც მიუთითებს, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. ამასთან, სახალხო დამცველის მოსაზრებით, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე.

ასევე, ამავე საქმეზე საერთაშორისო გამჭირვალობის წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრების მიხედვით არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და  გამოყენების ფაქტი. აგრეთვე, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.

საგულისხმოა, რომ საქმეზე საწყის ეტაპზე სწრაფად წარიმართა გამოძიება და მცირე ინტერვალში მოხდა ნიკა გვარამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, არაერთი გაჭიანურებული გამოძიების ფონზე აღნიშნული გარემოებაც  შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მოცემული საქმით სავარაუდო დაინტერესებაზე" - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განმხილველი პირველი მოსამართლის თვითაცილების მიუხედავად, კვლავ გაჩნდა კითხვები საქმის ახალი მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. 

"კერძოდ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად, მას, როგორც ჰოლდინგის დირექტორს  გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი საქმის შედეგის მიმართ მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო რომ საქმე რუსთავი 2-ს ეხებოდა და ზ. გ. ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. შემდგომში აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემაც დააყენა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა. პროცესზე წარმოდგენილი იქნა მოსამართლისა და ზ. გ.-ს ახლო მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემაც არ უარყო. მათ შორის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავი არ აიცილა. 

მართალია, ამგვარი შემთხვევების დროს კანონი პირდაპირ არ უთითებს სავალდებულო აცილების გარემოებებზე მაგრამ განსაზღვრავს, რომ  მოსამართლე  ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. გარდა ამისა, საქართველოს სამოსამართლეო ეთიკის წესების მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, ამასთანავე მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზემოხსენებული გარემოებები კი აჩენდა ეჭვს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის შესახებ" - ნათქვამია საიას განცხადებაში.


16 მაისს მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას მიუსაჯა 50 000 ლარი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები