ნიკა გვარამიას საქმე

იუკნევიჩიენე გვარამიაზე: ივანიშვილს საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატურის საბოტაჟი სურს?

ევროპარლამენტარი რასა იუკევიჩიენე საკუთარ Twitter-ზე მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა.

"ნიშნავს ეს, რომ საქართველო, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დროსაც კი, ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის ტიპის გზას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ნიშნავს ეს, რომ მას, ასეთი ქმედებებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატურის საბოტაჟი სურს?", – დაწერა იუკნევიჩიენემ Twitter-ზე და ქართული ოცნების ოფიციალური გვერდი მონიშნა. 


მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას 50 000 ლარი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით მას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა.

მოსამართლემ მისი დაუყოვნებლივ დაკავების განკარგულება გასცა.

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები