რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გენშტაბი: რუსეთი 2 500 რეზერვისტს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად ამზადებს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი 2 500 რეზერვისტს ამზადებს იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანოს და მათ წინააღმდეგ ომში ჩართოს.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა ცდილობს, რომ საკუთარი ჯარის დანაკარგები რეზერვისტების ხარჯზე შეავსოს და ისინი შესაბამისად აღჭურვოს. 2 500 რეზერვისტს ვორონეჟის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქების პოლიგონებზე ამზადებენ. ისინი გეგმავენ, რომ ეს რეზერვისტები უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნონ და ომში ჩართონ". - წერს უკრაინის გენშტაბი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები