რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კიევის ჩემპიონი მოკრივე აზოვსტალის ქარხანაში დაიღუპა

Befunky

აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი მოკრივე, კიევის ჩემპიონი, არტიომ მოშა დაიღუპა. ინფორმაციას მებრძოლის დედა ირინა ეგორჩენკო ავრცელებს.

"აზოვსტალში დაიღუპა ჩემი შვილი. არტიომ სერგეის ძე მოშა. ის მარადისობის ნაწილი გახდა და სასუფეველში იმყოფება. ის ღირსეულად, უკრაინის დაცვისას დაიღუპა. მადლობა ყველას ვინც გვერდში ედექით, ლოცულობდით, მარხულობდით, იბრძოდით. შენ ძალიან კარგი შვილი იყავი. შევხვდებით ზეცაში". – წერს ეგორჩენკო.

მოშა სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებული და კიევის ჩემპიონი მოკრივე იყო.

აზოვსტალის ქარხანა ქალაქ მარიუპოლში მდებარეობს. მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ ქარხანაში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება. როგორც CNN წერს, ქარხანაში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა კაცია.

7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

კომენტარები