რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NIKE-მა საფეხბურთო კლუბ მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობა შეწყვიტა

ამერიკულმა კომპანია Nike-მა რუსულ საფეხბურთო კლუბთან, მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდმა ოფიციალურ საიტზე გაავრცელა.

"კომპანია ნაიკმა კლუბს შეატყობინა, რომ გუნდთან სპონსორობის ხელშეკრულება გაწყვიტა უეფას მიერ დაწესებული სანქციების გამო, რომლის მიხედვითაც მოსკოვის სპარტაკს მომდევნო სეზონში ევროტურნირებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. გუნდის მენეჯმენტი მუშაობს, რომ ახალი სპონსორი იპოვოს, რომელიც სპარტაკისთვის სათამაშო ფორმებსა და სხვა სახის ეკიპირებას დაამზადებს". - წერია მოსკოვის სპარტაკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომპანია ნაიკი გუნდის ტექნიკური სპონსორი 2005 წლიდან მოყოლებული იყო.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) რუსული კლუბები ევროტურნირებიდან მოხსნა და მათ უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება მომდევნო, 2022/2023 წლების სეზონშიც აუკრძალა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები