რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბერძნეთმა კიევში საელჩო ხელახლა გახსნა

საბერძნეთის საელჩო კიევში

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთმა კიევში საელჩო ხელახლა გახსნა.

საბერძნეთმა საელჩოს თანამშრომლები 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე გაიყვანა. 

საელჩოს მანოლის ანდროულაკისი უხელმძღვანელებს, რომელიც ევროკავშირის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ალყაში მოქცეული ქალაქი დატოვა.

საბერძნეთის გარდა, რამდენიმე სხვა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ჩეხეთმა და ავსტრიამ კიევში დიპლომატიური საქმიანობა უკვე აღადგინეს. დიდი ბრიტანეთი კი, დიდი ალბათობით, კიევში საელჩოს მომდევნო მაისის დასაწყისში გახსნის.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები