რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი უკრაინაზე: პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი გზა რომ ყოფილიყო, გამოვიყენებდით

ვლადიმირ პუტინი 2022 წლის 9 მაისის პარადზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის "პრობლემის" გადასაჭრელად "მშვიდობიანი გზები" არ არსებობდა. მან ამის შესახებ დონეცკელი სეპარატისტების ბატალიონი სპარტას ომში მოკლული მეთაურის მამამასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთი შანსი მაინც, სხვა, მშვიდობიანი ხერხები რომ არსებულიყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შანსს გამოვიყენებდით. თუმცა ჩვენ ეს შანსი არ დაგვიტოვეს, უბრალოდ არ მოგვცეს". – თქვა პუტინმა. 

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში იბრძვიან "გმირულად" და "პროფესიონალურად". 

"ყველა დასახული გეგმა სრულდება. შედეგი მიღწეული იქნება. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს". – დაამატა მან. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები