რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EU-მ უნდა განიხილოს რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენება – ბორელი

Reuters

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა განიხილონ რუსეთისთვის გაყინული სავალუტო რეზერვების ჩამორთმევა და მათი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენება. ამის შესახებ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ბორელმა აღნიშნა, რომ აშშ-მ გამოიყენა ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი მილიარდობით დოლარის აქტივების ნაწილი, რათა ტერორიზმის მსხვერპლებს დახმარებოდა და ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაეწია. დიპლომატი ამბობს, რომ ლოგიკური იქნებოდა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა რუსეთის რეზერვებთან დაკავშირებითაც.

"მე მომხრე ვარ, რადგან ეს ძალიან ლოგიკურია. ჩვენ ჯიბეებში გვაქვს ფული და ვინმემ უნდა ამიხსნას, რატომ იყო ეს [გადაწყვეტილება] სწორი ავღანური ფულისთვის და არა რუსული ფულისთვის". – თქვა ბორელმა.

ბორელი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საკითხია, თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს უკრაინის აღდგენის ხარჯები იმის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნება "წარმოუდგენელი რაოდენობის თანხა". ევროკომისიის განცხადებით, ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციის ღირებულება, შესაძლოა, ასობით მილიარდი ევრო დაჯდეს, გადახდის ტვირთი კი უმეტესად ევროპას დაეკისრება. 

უკრაინის აღდგენისთვის რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის შესახებ ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ევროკავშირმა და მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე განთავსებული ასობით მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვები გაყინეს. რუსეთის შესაბამისი უწყებები მარტში აცხადებდნენ, რომ სანქციების შედეგად გაიყინა 300 მილიარდი დოლარის აქტივები ოქროსა და სავალუტო რეზერვებიდან, რაც ჯამში რეზერვების, დაახლოებით, ნახევარია.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები