რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი სანქციების ახალ პაკეტში რუსულ პლატინასა და პალადიუმზე ტარიფებს გაზრდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი
Reuters

დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან და ბელარუსიდან პლატინისა და პალადიუმის იმპორტზე ტარიფებს გაზრდის. ბრიტანეთი თვლის, რომ ეს ნაბიჯი ვლადიმირ პუტინის საბრძოლო მანქანის დასუსტებას შეუწყობს ხელს. 

ბრიტანეთის ცნობით, იმპორტის ტარიფები 35%-ით გაიზრდება. ასევე, რუსეთში ისეთი პროდუქტების ექსპორტი აიკრძალება, როგორებიცაა ქიმიკატები, რეზინი, პლასტმასი და მექანიკის დეტალები. ამ პროდუქტების საერთო საექსპორტო ღირებულება დიდი ბრიტანეთისთვის £250 მილიონია. 

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული იმპორტისა და ექსპორტის სანქციები ჯამში £4 მილიარდის ღირებულების საქონელს მოიცავს, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

"ვფიქრობ, მოკავშირეებთან კოორდინირებული მოქმედებით, პუტინის ამბიციების მოთოკვას შევძლებთ". - თქვა სუნაკმა.

გარდა ამისა, 7 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით £1.3 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

ხოლო გასულ კვირას, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადასთვის მიმართვისას თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით £300 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, ბატარეის საწინააღმდეგო სარადარო სისტემას, GPS-ის ჩამკეტებსა და ღამის ხედვის მოწყობილობებს მოიცავს.

დიდმა ბრიტანეთმა აქამდე უკრაინაში 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალი კალიბრის სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. ასევე, რამდენიმე ათეული NHS-ის სასწრაფო მანქანა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები