რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებით £1.3 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

Володимир Зеленський / Facebook

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით £1.3 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

"პუტინის სასტიკი ომი არამხოლოდ უკრაინას ანადგურებს, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში" - თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა. 

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის ქვეყანა საგანგებო სიტუაციების რეზერვებს გამოიყენებს. 

ასევე, დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები - დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხვალ, 8 მაისს ვიდეოკონფერენციას გამართავენ.

გასულ კვირას, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადასთვის მიმართვისას თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით £300 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, ბატარეის საწინააღმდეგო სარადარო სისტემას, GPS-ის ჩამკეტებსა და ღამის ხედვის მოწყობილობებს მოიცავდა.

დიდმა ბრიტანეთმა აქამდე უკრაინაში 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალი კალიბრის სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. ასევე, რამდენიმე ათეული NHS-ის სასწრაფო მანქანა.

გასულ კვირებში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლსბერის დაბლობზე Stormer HighVelocity Missile (HVM) ჯავშანტექნიკა გამოცადა. ამასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინაში 13-ტონიანი მანქანებისა და C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს

Stormer დამზადებულია BAE Systems-ის მიერ. მის გასაშვებად სამი ადამიანია საჭირო და Starstreak რაკეტებს იყენებს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები