რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის ქარხნიდან კიდევ 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა

აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებული მოქალაქეები სოფელ ბეზიმენის დროებით თავშესაფარში, 6 მაისი
REUTERS/Alexander Ermochenko

მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან, რომელიც რუსული ძალების მიერ ალყაშია მოქცეული, კიდევ 50 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას ადასტურებს როგორც უკრაინის მთავრობა, ისე დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, აზოვსტალიდან მოქალაქეების ევაკუაცია ძალიან რთული იყო, რადგან რუს სამხედროებს სროლა არ შეუწყვეტიათ.  

"მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ 50 მშვიდობიანი მოქალაქის გაყვანა. ისინი ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. ევაკუაციის ოპერაცია გრძელდება, ჩვენ არ გავჩერდებით". – თქვა ერმაკმა.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ცნობით, ევაკუაციის დაწყების შემდეგ ქარხნის ტერიტორია 176-მა ადამიანმა დატოვა.

გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად, მათ შორის ევაკუაციის პერიოდშიც უტევდნენ. Maxar Technologies-ის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები